სამზარეულო |

შემოდგომის შვიდი ვარსკვლავი

August 17, 2018 | 20 | batumipress
შემოდგომის შვიდი ვარსკვლავი

ავტორი, ფოტო: თამარა მირიანაშვილი

კახეთში შემოდგომის გული რთველია, რთველს ყურძენი მოაქვს, ყურძენს კი ბადაგი _ შემოდგომის უტკბესი აკორდი.
აქ თუ ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება, არყის გამოხდა კაცის საქმეა, თათარაობა ქალისაა. ქალები იკრიბებიან და ერთმანეთს ეხმარებიან. თათარაობამდე ჯერ აშრობენ, ამტვრევენ, არჩევენ და შემდეგ ძაფზე ასხამენ კაკალს. კაკლის გულს უღელს ამოაცლიან და ისე მთელ-მთელს რომ აასხამენ ძაფზე ჩურჩხელებისთვის, აი, ამ საჩურჩხელედ გამზადებულ ასხმას გორგომიჭელა ჰქვია. თუ დაჭრილ ნიგოზს აასხამენ, ასეთ ასხმას კუნტელას ეძახიან. კაკალს რომ დააბინავებენ, შემდეგ ბადაგს ამზადებენ, ჯერ წამოადუღებენ, რამდენიმე საათით დაასვენებენ დასაწმენდად და მეტი სიწმინდისთვის გადაწურავენ, შემდეგ იმავეს იმეორებენ კიდევ ერთხელ და პარალელურად ამზადებენ ფქვილს, ხორბლის ფქვილსაც ცრიან, ორგზის.

churchxela (3)

როცა ყველაფერი მზად არის, ეზოში ცეცხლს ანთებენ, ზედადგარზე ჯერ ლითონის ფირფიტას, შემდეგ კი ქვაბს შემოდგამენ, რათა არ მიიწვას და გემო არ შეეცვალოს. შემთბარ სიტკბოს ნელ-ნელა ხორბლის ფქვილს ურევენ და როგორც კი დუღილს მიუახლოვდება, დიდი თუ პატარა, ყველა, მონაცვლეობით ხის დიდი ციცხვით ურევს თათარას, ფქვილის წმინდად შესარევად.

სოფელს სწორედ ამ ბოლო ნაწილის დროს ვესტუმრებით ხოლმე, ხანდახან წინა დღეებში ჩავდივართ და ვეხმარებით. შემოდგომა უკვე საკმაოდ შეგრილებულია და ცეცხლზე შემოდგმული თათარის ქვაბის გარშემო ტრიალი, ახალგამომცხვარი შოთითა და ცხელი რძით ხელში, ერთი სიამოვნებაა. აბა, ციცხვი აიღე, მოურიე, არ მიიწვას, არ აილამოს _ ბაბო იძლევა დირექტივებს. მეზობელი ქალებიც დილიდან ჩვენთან ტრიალებენ და გვეხმარებიან, ბოლო ასხმულებს ამზადებენ და თან პოლიტიკაზე საუბრობენ. რასაკვირველია, შანსს არ ვუშვებ ხელიდან და დოკუმენტური ფილმისთვის დილიდან ყველაფერს ვიწერ.

churchxela (1)

დადე კამერა, აიღე ციცხვი, მოურიე, _ მეძახის ბაბო.

_ გაანებე თავი, გოო, ეგე, მემრე ტელევიზორში ვიქნებით.

მე ვაგრძელებ გადაღებას, ისინი კამერას საერთოდ არ იმჩნევენ, ისე აგრძელებენ საუბარს.

`ერთი, ორი, სამი,~ _ ცეცხლზე შემომდგარ ქვაბში ვარსკვლავებს ითვლის თამარა ბაბო. `შვიდი ვარსკვლავი უნდა გამოჩნდეს, ჩუხჩუხის დროს ბუშტულებს ხომ ხედავ? მერე უცებ სკდება, მაგას ვეძახით ვარსკვლავებს, თუ შვიდი აგროვდება, თათარა მზად არის, მაშინ ეყოფაო, ასე ამბობდნენ ძველად.~

ყველანი ქვაბთან მივდივართ და ვარსკვლავებს ვითვლით, თან თათარის სურნელოვან ოხშივარზე ცხვირ-პირი გვეწვის. შვიდი ვარსკვლავი ვიპოვეთ. კაკალ-თხილეული თათარასთან ახლოს მოაჩოჩეს. აქაც, როგორც თათარის მორევის დროს, ქალები ერთმანეთს ენაცვლებიან, რადგან დიდხანს ცეცხლთან ყოფნა და მძიმე თათარასთან ჭიდილი, ადვილი საქმე არ არის. ერთი ქალი ერთ ასხმულას იღებს, ზემოდან აგდებს ცხელ თათარაზე და ხის ციცხვით სიღრმეში კარგად ტენის მეტი სისქისთვის, შემდეგ ნელა იღებს და მეორე ქალს აწვდის, რომელიც ამოვლებულ ჩურჩხელებს ორ სკამს შორის გადებულ ხის ჯოხზე კიდებს, ძალიან ფრთხილად, ჩურჩხელებს კოცნაობა უყვართ და გამუდმებით ერთმანეთისკენ იწევენ.

ასე, მიჯრით მიწყობილ ჯოხებს აივანზე გაამწესებენ, ქვეშ თეფშებს დაუწყობენ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ზედმეტი თათარისგან დაიწრიტოს და მეორეც, ბავშვებსაც და დიდებსაც ცოტა ხნით ყურადღებას გადაგვატანინებდნენ ხოლმე, ვეპარებოდით და თეფშებზე დაგროვილ თათარის კუნწულებს ვტლიკავდით.

თათარაობის შემდეგ იწყებოდა ყველაზე გემრიელი მარათონი, თათარაშემცხვარ ქვაბზე ნადირობა, ერთი ეს არის კარგი გასართობი საცმაცუნო და მეორეც, სამეგრელოში ქვაბზე შემცხვარი ღომი _ ნახვაწა. ამის შემდეგ, უკვე ახალ წლამდე ჩურჩხელას ვემშვიდობებოდით, ბაბო ტილოში გადაახვევდა და სათუთად ინახავდა, გრილ და ბავშვებისგან დაცულ ადგილას, თორემ რომ გვცოდნოდა, მუსრს გავავლებდით, ახალ წლამდე ერთ ცალსაც არ დავტოვებდით. არადა, ჩურჩხელა ხომ ქართული საახალწლო ნობათის განუყოფელი ნაწილია. ახალწლამდე დაუღალავად ვეძებდით ჩურჩხელებს, ხან სხვენში, ხან განჯინებში, ხან სათონეში, ხან ბაბოს ლოგინის ქვეშ, კაცო, იქნებ თან დააქვს ხოლმე, ბოლოს ვფიქრობდით.

ზოგჯერ პაპა შეგვიწყალებდა, მოჰპარავდა ბაბოს ჩურჩხელას და ჩუმად გვასაჩუქრებდა.

`ქართული სნიკერსიო~, არ მახსოვს ასე ვინ მონათლა ან როდის გაჩნდა ეს მეტსახელი, მაგრამ რეალურად, თათარაც და შემდეგ უკვე ჩურჩხელაც, საკმაოდ ნოყიერი და კალორიული ნუგბარია, სავსეა ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებით და ნივთიერებებით. ამასთან, სატარებლად მსუბუქი და, შესაბამისად, ქართველი მეომრების, შორ გზაზე მიმავლების, მთამსვლელების აუცილებელი საგზალი.

მახსოვს, ერთ-ერთ ლექციაზე მხცოვანი ლექტორი ტრადიციული ირონიანარევი ინტონაციით შეგვეკითხა: `აბა, რა მიაქვს მთამსვლელს გზაში? ორი დადება ღომი?~, დემონსტრაციულად გადახედა აუდიტორიას, აქა-იქ წამოძახებულ შოკოლადს და კანფეტებს წაუყრუა და წამოიძახა: `ჩურჩხელა ბატონო, ჩურჩხელა მიაქვთ გზაში!~