სამზარეულო |

ქალების დღესასწაული და მურთუხა – ასურელების ტრადიციული კერძი

August 17, 2018 | 21 | batumipress
ქალების დღესასწაული და მურთუხა – ასურელების ტრადიციული კერძი

ავტორი, ფოტო: თამარა მირიანაშვილი

14 ივნისი – ეს დღე შეიძლებოდა ერთ ჩვეულებრივ დღედ დარჩენილიყო, თუმცა გამიმართლა და აღმოვჩნდი სოფელ ქანდაში, მცხეთის რაიონში, სადაც სოფლის მცხოვრებლები, ძირითადად ასურელები, ზაფხულის მარეზობას აღნიშნავდნენ, წმ. ზაიას/მარზაიას დღესასწაულს.

როგორც რელიგიური დღესასწაულების უმრავლესობა, მარეზობაც რელიგიური რიტუალების გარდა სახასიათო კერძების მომზადებასაც უკავშირდება. იანვარში, ზამთრის მარეზობას, ანუ კაცების დღეს, კაცები მოზვერს კლავენ, ხოლო ივნისში, ზაფხულის მარეზობას, ქალების დღესასწაულზე, ქალები მურთუხას ხარშავენ.

როგორც კი მანქანამ სოფლის გზაზე გადაუხვია, აქა-იქ, სახლების წინ, გზის პირზე ჩამწკრივებული საცეცხლურები და ზედ შემომდგარი დიდი ქვაბები გამოჩნდა, დაახლოებით ისე, როგორც თათარაობის დროს. ქვაბებს გამალებით ურევდნენ ქალები, ისედაც ზაფხულის სიცხეში და თან ცეცხლთან ტრიალი, საკმაოდ მომქანცველია, ამიტომ ქალები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, აქა-იქ კაცებიც ეხმარებოდნენ, გარშემო კი ბავშვები დარბოდნენ.

ასე იხარშებოდა მურთუხა, სადღესასწაულო კერძი.

murtuxa (3)

სახლების ჭიშკრები ღია იყო, ფუსფუსებდნენ ქალები, გუნდ-გუნდად გამოჰქონდათ მურთუხას მასალა ან უკვე მოხალული მურთუხას ცხელ-ცხელი ქვაბები ეზოში შეჰქონდათ რძისა და მარილის დასამატებლად.

რა არის მურთუხა? სინამდვილეში, ჩვენთვის უცნაური და აქამდე უცნობი მურთუხა საკმაოდ ნაცნობი ინგრედიენტებისგან შედგება: ერბო, ფქვილი და რძე. სოფლის მცხოვრებლები წინასწარ აგროვებენ ფულს ამ პროდუქტის შესაძენად ან უშუალოდ პროდუქტს აგროვებენ და ასე ერთად და ერთობლივი ძალებით, თავიანთი სახლების წინ ხარშავენ მურთუხას, შემდეგ კი ინაწილებენ.

murtuxa (2)

დიდ ხის დაფაზე ან სპეციალურად მომზადებულ მაგიდაზე ერბოს აურევენ ფქვილში, მოზელენ, როგორც ცომის გუნდას, ისე მოაგუნდავებენ და შემდეგ ცეცხლზე ხალავენ. მომზადების ამ ეტაპზე, დაახლოებით ოცი-ოცდაათი წუთი, უწყვეტად ურევენ ხის კოვზით, რათა არ მიიწვას, თანაბრად მოიხალოს და იქცეს ფხვიერ მასად. როგორც კი ოქროსფერს მიიღებს, გადმოდგამენ ცეცხლიდან და დაამატებენ ცივ რძეს იმ რაოდენობით, რომ არც ძალიან გათხელდეს და არც ცომისებრი, მაგარი მასა დარჩეს. კვლავ შემოდგამენ ცეცხლზე და იქამდე ურევენ, ვიდრე კარამელისფერს არ მიიღებს და არ შესქელდება.

მიღებული მასა ფხვიერი ცომის მსგავსია, ქვაბში დაამატებენ მარილს და შენახვამდე წამოაპირქვავებენ დიდ თასში ან ხის დაფაზე, შესაგრილებლად.

ერბოს, ფქვილისა და რძის ერთად გაგონება ბევრს შეიძლება არ ესიამოვნოს, მეც, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ ალბათ ხათრით გავსინჯავ და ეგ იქნება. შევცდი, იმდენჯერ „გავსინჯე“, ყველა თეფშიდან და ყველა ეზოსთან, ბოლოს უკვე მერიდებოდა. ნამდვილად არ ველოდი ამ ინგრედიენტებისგან ასეთ საინტერესო გემოს.

სადღესასწაულო კერძი საკმაოდ მსუყეც გამოდგა, როგორც არ უნდა მოგეწონოთ, ბევრს ვერ მოერევით. ტრადიციისამებრ, მურთუხას მიირთმევენ ხელით, დაახლოებით ისე, როგორც ღომს.

murtuxa (1)

მურთუხას მსუბუქად მარილნარევი, დაახლოებით ქადის შიგთავსის გემო აქვს. ოდნავ მარილიანი, მიწის თხილის კარაქის გემო გამახსენდა. ასურელმა მასპინძლებმა მითხრეს, რომ შეგვიძლია შაქარიც მოვაყაროთ. ვივარაუდე, რომ კარგი იქნებოდა ჯემთან, მურაბებთან დაგემოვნება.

სტუმართმოყვარე მასპინძლებმა მურთუხა სახლშიც გამოგვატანეს.

როგორც ქანდელმა ასურელებმა გვითხრეს, ეს დღე სურვილების ასრულების დღეც ყოფილა, მურთუხას პირველად გასინჯვისას სურვილები უნდა ჩავიფიქროთ და აუცილებლად აგვიხდება.

murtuxa (4)

ნაშუადღევს, მურთუხას მოხარშვის შემდეგ, სოფლის მცხოვრებლები წმ. მარეზას სასწაულმოქმედი ეკლესიისკენ მიემართებიან ფეხით, ჩვენც მივყვებით.

რელიგიური რიტუალების შემდეგ სახლში ვბრუნდებით, სადაც უკვე ეზოში, სიმწვანეში გაშლილი სუფრა და მეტად ხელგაშლილი და ღიმილიანი ასურელები გველოდებიან, გემრიელი, შინ მომზადებული კერძებით, ოჯახის ღვინით, ყავით, ჩილიმით და რაც მთავარია, სუფრას ამშვენებს მურთუხა – დღის კერძი.