სამზარეულო |

საგაზაფხულო კერძი ანუ ჭინჭარი ქართლ-კახურად

August 17, 2018 | 25 | batumipress
საგაზაფხულო კერძი ანუ ჭინჭარი ქართლ-კახურად

ავტორი: ფიქრია გოგინაშვილი, ფოტოგრაფი, ფუდბლოგერი

ჭამა-სმის მოყვარულ ქართველს ალბათ ერთხელ მაინც მოსვლია თავში, სანამ კოლუმბი ამერიკას აღმოაჩენდა, ნეტავ რით გაგვქონდა თავიო. მშობლიური აჯაფსანდალი თავიდან ფეხამდე ხომ ამერიკულია და სიმინდიც ზედ დაყოლებული, ბონუსად. არც მჭადი გვქონია და არც ღომი.

რას ვჭამდით ბატონო, და, ფხალს ანუ მხალს!

„მხალი არს, რაჲც კაცთა მიერ მწვანილი დაითესების და იჭამების.“
ლექსიკონი ქართული, სულხან-საბა ორბელიანი

ძირითადად, 30-მდე სახეობის მხალია ამ სტატიის ავტორისთვის ცნობილი და სავარაუდოდ, მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტია.

ამჯერად გაზაფხულის ავიტამინოზის დამმარცხებელზე, ჩხვლეტია სადამსჯელო საშუალებაზე მოგიყვებით, რომელიც ავად კი იკბინება, მაგრამ ფრიად სასარგებლო რამ გახლავთ და ამიტომაც შევიდა წინაპართა მენიუში. თანაც, გაზაფხულის კერძია და გირჩევთ დააგემოვნოთ!

ჩემთვის ეს კერძი ბაბოსთან და სოფელთან ასოცირდება, ჭინჭარი, აყვავებული ტყემლებივით, ნიშანია, რომ ბუნება იღვიძებს. რეცეპტი, რომელსაც გთავაზობთ, მარტივია, მაგრამ გემრიელი და შინაურული, რომელსაც დედაჩემი დღემდე ამზადებს და ერთგვარ ოჯახურ რიტუალს წარმოადგენს.

გაითვალისწინეთ _ ჭინჭარი ძირითადად გაზაფხულის პირველ ნახევარში იკრიფება, სანამ ღერო და ფოთოლი ნორჩია. ფოთლებს ძირითადად დასავლეთ საქართველოში მიირთმევენ, აღმოსავლეთში კი უფრო ღეროებს ეტანებიან.

მომზადება

მოკრეფილი, ფოთლებგაცლილი ნედლი ჭინჭარი (რჩება მხოლოდ ღერო და ზედა, ყველაზე ნორჩი კვირტი და ფოთოლი, როგორც ფოტოზეა) კარგად გავრეცხოთ და წამოვადუღოთ, ისე, რომ წყალი მწვანე მასას ოდნავ ფარავდეს. ღეროები მალევე რბილდება და ყურადღებით იყავით, ხასხასა მწვანე ფერი არ უნდა დაკარგოს. ამოვიღოთ, გადავწუროთ, თუმცა ძალიან არა, ისე, რომ ნახარში მაინც შეყვეს.

მოხარშული ჭინჭარი გადავიტანოთ ტაფაში, დავუმატოთ ერბო, კარაქი, ქონი ან ზეთი. კახურ ზეთს არ გირჩევთ, რაფინირებული ჯობს, მკვეთრი გემოვნური თვისებების ზეთს ფხალიც თავის სპეციფიკურ გემოზე გადაჰყავს.
ოდნავ რომ მოიბრაწება, შევაზავოთ მარილით და მივირთვათ, სასურველია კახურ შოთთან ერთად.

ეს გახლავთ ჭინჭრის ფხალის ყველაზე მარტივი ვერსია. გემოვნებისამებრ, ძირითად მასას შეგვიძლია დავუმატოთ მოხრაკული ხახვი (რეკომენდაციას ვუწევ, ძალიან გემრიელი ტანდემია!), ჩავახალოთ კვერცხი და წვრილად მოვაჭრათ ნედლი ნივრის ფოჩი. კიდევ ერთი საინტერესო შეხამება: კახეთში ჭინჭრის ნახარშს არ ღვრიან, მასში ხმელ, ე.წ. „თონეში ჩაბრუნებულ“ პურებს ხარშავენ და მხალთან ერთად მიირთმევენ. ჭინჭრის წვენით გაჟღენთილი თონის პური გასაოცრად არომატული და გემრიელია.

ასე და ამგვარად, ჭინჭრის რაციონში შეტანით მარტივად შეგვიძლია შევივსოთ ვიტამინების მარაგი გაზაფხულზე და ორგანიზმი სასარგებლო უჯრედისითაც შევავსოთ.

კოლუმბამდეც როდი ვიკვებებოდით ურიგოდ!