ინვესტიცია |

“ბათუმი ცენტრალი“ – გაჩერება მომავლის ბათუმში

October 14, 2020 | 42 | batumipress
“ბათუმი ცენტრალი“ – გაჩერება მომავლის ბათუმში

ოთხსართულიანი შენობა თანამედროვე დიზაინით, კეთილმოწყობილი და კომფორტული გარემო, სუპერმარკეტები, საერთაშორისო ბრენდის მაღაზიები, კაფეები, ბოულინგცენტრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, რკინიგზისა და ავტოსადგურები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ რეალობისა, რომელსაც სულ მალე, უახლოეს თვეებში, როგორც ადგილობრივებს, ასევე, ბათუმში ვიზიტად ჩამოსულ სტუმრებს თამარის გზატკეცილზე აშენებული „ბათუმი ცენტრალი“ შესთავაზებს. ამ მასშტაბური პროექტის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ „ბათუმი ცენტრალის“ დირექტორი გიორგი შარაშიძე გვესაუბრა.

batumi centrali 2 (1)

ბატონო გიორგი, რატომ ვერ შეასრულეთ სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ბათუმის რკინიგზის სადგურის მშენებლობის ნაწილში, რა ხელშემშლელი პირობები არსებობდა?

ხელშეკრულებით განსაზღვრულია კონკრეტული ვალდებულებები და მათი შესრულების ვადები. მშენებლობის პროცესში ეტაპობრივად იცვლებოდა პროექტი. შესაბამისად, ცვლილებების შეთანხმებისა და დამატებითი სამუშაოს შესრულების გამო გადაგვივადა ეკონომიკის სამინისტრომ, ანუ ვადებში ჩვეულებრივად ვეტევით და არც არაფერი გვაქვს დარღვეული კანონის მიხედვით.

როგორ მოახერხეთ, რომ ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობის მიუხედავად, თქვენ  მიმართ სახელმწიფომ არავითარი ღონისძიება [სანქცია] არ გაატარა?

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაიწია შენობის ექსპლოატაციაში მიღების ვადა. ეს გამოწვეული იყო პროექტში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებებით, კერძოდ, კომპლექსში თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურების მშენებლობა იქნა ამოღებული. ეს იყო ჩვენი მხრიდან თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რითაც, უნდა ვთქვა, რომ პროექტი უფრო დაიხვეწა, უსაფრთხო და მოცულობითი გახდა. ამან გააჩინა ობიექტზე ახალი მშენებლობის საჭიროება. გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში რეალურად დგას პარკინგის პრობლემა, გავადიდეთ პარკინგის ტერიტორიაც, რასაც თვალნათლივ დაინახავს ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი.

რაც შეეხება სანქციას, შესაბამისი ჯარიმა სამინისტროს დაკისრებული აქვს საპრივატიზებო პირობების ვადების დარღვევის გამო. ეს იყო პერიოდი, ვიდრე „ბათუმი ცენტრალი“ შევიდოდა წილში. მართალია, ამ წუთში გაყინულია, მაგრამ აღნიშნული ჯარიმიდან გავთავისუფლდებით იმ შემთხვევაში, თუ შენობის ექსპლოატაციას მოვახდენთ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში, არაუგვიანეს 2015 წლის 9 აპრილისა.

როდის შეიძინეთ შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი?

აღნიშნული ტერიტორია და მასზე დამაგრებული შენობის პრივატიზება მოხდა 2009 წლის ბოლოს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე. ეს აუქციონი იყო პირობიანი, რაც გულისხმობდა, რომ შესყიდულ ფართობზე რკინიგზისთვის სადგურის გადმოსატანად უნდა მოგვეწყო ინფრასტრუქტურა, რასაც ვასრულებთ კიდეც.

რა პრინციპით, მიზნით, იცვლებოდა კომპანიაში წილები – ემზარ ბასილაიასა და გიორგი ჭყონიას შორის და სხვათა მიმართაც?

თავდაპირველად ქონება შეიძინა ემზარ ბასილაიამ, როგორც ფიზიკურმა პირმა. აღნიშნული ქონებით შევიდა გიორგი ჭყონიას მიერ დაფუძნებული კომპანიის შპს `ბათუმი ცენტრალის~ 50% წილში. შემდგომ ემზარ ბასილაიამ გადაწყვიტა მისი წილის გაყიდვა და გაასხვისა კომპანიის 50% ახალ ინვესტორზე – ლევ ნანიკაშვილზე. აღნიშნული გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ჩვეულებრივი ბიზნესგარიგებებისა და გადაწყვეტილებების შედეგია, ანუ ვიღაცას გაყიდვა აწყობდა, ვიღაცას ყიდვა – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ბიზნესში.

batumi centrali 2 (2)

რატომ განაახლეთ პროექტი არჩევნების შემდგომ ანუ რაიმე პოლიტიკური სარჩული უდევს ამ პროექტის განხორციელება-ვერგანხორციელებას?

იქედან გამომდინარე, რომ პროექტი მოცულობითი იყო, მოითხოვდა საკმაო ფინანსების მოძიებასა და მობილიზებას. ინვესტიციის ჩადება და მშენებლობა აქტიურად დაიწყო ახალი ინვესტორის წილში შემოსვლის შემდეგ და ეს არ უკავშირდება პოლიტიკას, უბრალოდ, დროში დაემთხვა.

რა ფართობი ეთმობა ამ შენობაში უშუალოდ რკინიგზის სადგურს, რა ფართობი, ვთქვათ, ავტოსადგურს?

რკინიგზის სადგურს შეთანხმებით უნდა გადავცეთ 770-870 კვ.მეტრი, თუმცა საერთო ჯამში სადგურს ოპერირებისთვის ვუთმობთ 1600 კვ.მეტრამდე ფართობს, რომელშიც შედის რკინიგზის ოფისები, სალაროები და საოპერაციო დარბაზი.

ავტოსადგურისთვის განსაზღვრუ­ლია 22 ოფისი და საოპერაციო დარბაზი დაახლოებით 150 კვ.მეტრზე, ასევე 25 ბაქანი.

რა დაჯდა ახალი სადგურის მშენებლობა და როდის არის დაგეგმილი მისი დასრულება?

ჩვენი გათვლებით, პროექტი დაახლოებით 7-8 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებას მოითხოვს სრულად დასასრულებლად.

თავად რკინიგზის სადგური როდის შევა ექსპლოატაციაში?

სამინისტროსთან შეთანხმების მიხედვით, არაუგვიანეს 2015 წლის 9 აპრილისა შენობა უნდა შევიყვანოთ ექსპლოატაციაში და მოვაწყოთ რკინიგზის სადგურისათვის საჭირო ფართობები. დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით, ჩვენი გათვლით, ვადაზე ადრე, თებერვლის თვეში, შევძლებთ სამუშაოების დასრულებას.

რა არის ამ ახალი სადგურის მთავარი ღირსება?

კომპლექსი აერთიანებს სავაჭრო ცენტრს, რკინიგზის სადგურსა და ავტოსადგურს. შენობა იქნება ქალაქისთვის ერთგვარი კარიბჭე, სავიზიტო ბარათი, კიდევ ერთი მნიშვნელვანი ობიექტი და ბათუმის როგორც ტურისტული ქალაქის ინფრასტრუქტურის სტანდარტების შესაბამისი.

გარდა რკინიგზის სადგურისა, კიდევ რა სერვისებს სთავაზობს მენეჯმენტი ამ შენობაში მოსახლეობას?

მრავალფუნქციური ობიექტი იქნება – გარდა რკინიგზისა და ავტოსადგურისა, აქ იქნება წარმოდგენილი კაფეები, მარკეტები, სუპერმარკეტი, სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ბუტიკები, ბოულინგცენტრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ტურისტული კომპანიები და სხვა.

თუ არის გათვალისწინებული შენობაში შშმ პირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა?

შენობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მათ შეუფერხებლად შეეძლებათ მოხვდნენ როგორც ბათუმი ცენტრალის მთელ ტერიტორიაზე, ასევე ჩვენ ვზრუნავთ, რომ სურვილის შემთხვევაში ჩვეულებრივად შეძლონ ოთხივე სართულზე ვიზიტი. გარდა ამისა, ჩვენი უსინათლო სტუმრებისთვის უკრაინიდან ჩამოგვაქვს და ვაკეთებთ სპეციალურ ფილებს, როგორც შემოსასვლელებში, ასევე მატარებლის ბაქანზე, რომ მათაც შეძლონ თავისუფლად გადაადგილება და ჩვენი სერვისებით სარგებლობა.

batumi centrali 1

ცნობილ ბრენდებთან თუ მიმდინარეობს შემოსვლაზე მოლაპარაკება და ამ წუთში თუ გყავთ დათანხმებული რომელიმე მათგანი?

საკმაოდ დიდია დაინტერესება და მიმდინარეობს სხვადასხვა ბრენდთან მოლაპარაკება, მათ შორისაა, მაგალითად, „გუდვილი“, „ზედაზენი“, „ვისოლ ჯგუფის“ კომპანიები „სმარტი“ და „დანქინ დონატსი“, „კოლიერსი“, „რითაილ ჯგუფი“, „ვაიკიკი“ და ა.შ. ახლა არ მინდა ყველა დავასახელო, რადგან მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაშია და მოვლენებს ვერ გავუსწრებ წინ.

და ბოლოს, დამდეგ ახალ წელს ბათუმსა და საქართველოს მოსახლეობას ჩვენი კომპანიის სახელით ვუსურვებ მშვიდობას, განვითარებას, წარმატებებს, ღვთის წყალობას და ბევრ ასეთ ობიექტს მომავალში.