მოგზაურობა |

მეგრული ოდა [ფოტო]

October 14, 2020 | 41 | batumipress
მეგრული ოდა [ფოტო]

ოდა-სახლი სამეგრელოში გავრცელებული, გამორჩეული არქიტექტურული სტილის ნაგებობაა. ხის ან ქვის ბოძებზე შემდგარი, ხით ნაშენი სახლი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება არქიტექტურა ჰარმონიულად შეერწყას გარემოს. ეს პატარა ხის სახლები უსიტყვოდ ყვებიან ამბავს მხარის კულტურაზე, მის განვითარებასა და ადამიანებზე, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ.  საცხოვრებელი სახლების თანამედროვე მოწყობამ, არქიტექტურულმა სტილმა, ახალი ტიპის საშენი მასალის ხელმისაწვდომობამ, სამეგრელოშიც ნელ-ნელა ჩაანაცვლა ხის ოდები. დღეისათვის ასეთი სახლები ცოტაა შემორჩენილი.
„ბათუმელები“ შეეცადა, ფოტოპროექტით – „მეგრული ოდა“ თანამედროვე არქიტექტურული გამოწვევების ფონზე ეჩვენებინა, რამდენად შთამბეჭდავია, როცა არქიტექტურა ერწყმის ბუნებას და დროსაც უძლებს.

megruli oda (3)

თხილის ბაღში ჩადგმული ლურჯი მეგრული ოდა მეოცე საუკუნის 50-იან წლებშია აშენებული. „მამაჩემმა, გიორგი გვილავამ, რაჭიდან ჩამოიყვანა ხელოსნები და იმათ ააგებინა,“ – გვითხრა სახლის მეპატრონე მამია გვილავამ. ოდაში ოთხი ოთახია – სამზარეულო, მისაღები და ორი საძინებელი.

megruli oda (1)

ზუგდიდში, სოხუმის 11 ნომერში მდებარე მეგრული ოდა 100 წელზე მეტი ხნისაა.
სამი ძმის – იონა, ფუცორა და სპირიდონ ხარებავების მიერ აშენებულ მეგრულ ოდაში დღეს მათი შთამომავლები, დები ხარებავები ცხოვრობენ. ოდაში ექვსი ოთახია, თითოეულ ოთახს თავისი ბუხარი აქვს.

megruli oda (5)

ქვის ბოძებზე შემდგარი გრიგოლიების ოდა ას წელზე მეტს ითვლის. „80 წელი მე ავათავე ამ სახლში,“ – ამბობს ოდის მფლობელი ზეინაბ გრიგოლია. ოდა მის ბებიას, ნატა გრიგოლიას დაუდგამს.

megruli oda (6)

თემურ შეროზიას თეთრ-ლურჯ ფერში გადაწყვეტილი ოდა 1960 წელსაა აშენებული.  ოდის გვერდით ეზოში ასევე ლურჯად შეღებილი პატარა სამზარეულო დგას.

megruli oda (2)

ტყებუჩავების ოდა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემში გასული საუკუნის 30-იან წლებში ააგეს. სახლი მფრინავ ალექსანდრე ტყებუჩავას ეკუთვნოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. წლების მანძილზე ოდაში მისი მეუღლე ნინა ტყებუჩავა ცხოვრობდა. დღეს ოდა დაკეტილია და აქ სახლის მეპატრონეები მხოლოდ ზაფხულობით ბრუნდებიან.

megruli oda (4)

ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი ტრადიციულ, მეგრულ ოდაშია განთავსებული. კრამიტით დახურული, ქვის ბოძებზე შემდგარი სახლი, კლასიკური მეგრული ოდის ნიმუშია.

ავტორი: მანანა ქველიაშვილი